ბათუმის მერია - ორი ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე დასახლებაში პრობლემები შექმნა

ორი ღამის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის რამდენიმე დასახლებაში პრობლემები შექმნა. მახვილაურში მეწყრული პროცესები განვითარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია.
მათი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით, გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უხვ ნალექთან დაკავშირებით 24 საათის განმავლობაში 60 შეტყობინება დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ყველა მათგანზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა.
„შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბათუმის ვიცე მერმა ჯაბა ტუღუშმა მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრას ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერები, მერიის სამსახურების, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თათბირზე ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქში შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს.
ვიცე მერი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ვითარებას ეცნობოდა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.
შექმნილი მდგომარეობის გამო, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მობილური ჯგუფები, მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების უმოკლეს ვადებში აღმოფხვრის მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ,”- ნათქვამია ბათუმის მერიის ინფორმაციაში.

























