რუსთავის მერი ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის დაცვის მიზნით დაწყებული მილსადენი სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო

რუსთავის მერი ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის დაცვის მიზნით დაწყებული მილსადენი სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის დაცვის მიზნით დაწყებული მილსადენი სისტემების მშენებლობის პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რუსთავში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

პროექტის ღირებულება 12 მილიონ-ნახევარია, ის რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან, ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრო რაიონების დაცვის მიზნით ხორციელდება და ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემების მშენებლობას ითვალისწინებს.

იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული ღვარცოფისა და ჭარბი ნალექის შედეგად, რუსთავის ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, წლების განმავლობაში სისტემატურად იტბორებოდა. როგორც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ეს პროექტი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.

,,მოსახლეობას ახსოვს, რომ წლების განმავლობაში იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი ნიაღვარი ტბორავდა და ძალიან დიდ ზიანს აყენებდა რუსთავს. მუნიციპალიტეტის ინიციატივას, მოძებნილიყო გზები რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობისგან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან, მყისიერი რეაგირება მოჰყვა. სწორედ სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დიდი ძალისხმევის შედეგად მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია. დიდი მადლობა მათ იმისთვის, რომ ასეთი სირთულის პროექტი მოამზადეს, გამოაცხადეს ტენდერი და სამუშაოები დღეს უკვე აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, პროექტის თანახმად მოეწყობა ბეტონის კოლექტორი როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის, სპეციალური პანდუსები, იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხდეს ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემების პერიოდული გაწმენდა. წვიმის დროს წამოსული ნიაღვარი საბოლოო ჯამში მიმართული იქნება მდინარე მტკვარში.