ზესტაფონის ცენტრალური მოედნის განახლება დასასრულს უახლოვდება

ზესტაფონის ცენტრალური მოედნის განახლება ინოვაციური პროექტით დასასრულს უახლოვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, იმერეთში სახელწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, ზესტაფონის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.
მერიის ინფორმაციით, რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე სრულად ახალი სივრცე მოეწყობა ავტოსაგზაო კვანძის გაუქმების გარეშე.
„განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. ინოვაციური პროექტის მიხედვით, მოედნის შუაგულში შადრევანი დამონტაჟდება. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოედნის რეაბილიტაციაზე 557 177 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ბილდმორი“ ახორციელებს.
ცენტრალური მოედნის ახლებური დაგეგმარების პროექტი, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კომფორტული დასვენების პერსპექტივას იძლევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























