ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორთან ქეთევან ჯაყელთან და სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ვიზიტის ფარგლებში, იმ 2 ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა აკრედიტაციაც სკოლამ გასულ თვეში მოიპოვა. კერძოდ, „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სკოლა გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს და გადაამზადოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მისცეს მათ საჭირო ცოდნა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ სამუშაო ადგილზე საქმიანობის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის.

ჟვანიას სკოლა წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების განვითარებას, ასევე ეროვნული უმცირესობების უზრუნველყოფას სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შეხვედრას დაესწრნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები,”-აცხადებენ ბორომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სკოლის წარმომადგენელები 2 დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავენ. შეხვედრები დაგეგმილია ასევე ქვეყნის 6 რეგიონში.