27 ოქტომბერს, „ზესტაფონობა 2019"-ის ფარგლებში, რიგი ღონისძიებები გაიმართება

ორდღიანი სახალხო დღესასწაულის, „ზესტაფონობა 2019"-ის ფარგლებში, 27 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
სახალხო დღესასწაულის მეორე დღეს გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა-ძიუდოში, კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის ფესტივალი და იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია, რომელიც გიგანტური იმერული ხაჭაპურით დაგვირგვინდება.
მოგვიანებით, „საპატიო ზესტაფონელებს“ წარადგენენ და დააჯილდოვებენ. დღესასწაული კი ანსამბლ „ფორტეს", ნინო ჩხეიძის და ქართული ესტრადის სხვა მომღერლების კონცერტით დასრულდება.
ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე დაესწრება.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ზესტაფონში ტრადიციულად „ვარინკობით" დაიწყო, რომლის ფარგლებში უკვდავი „სულიკოს" მუსიკის ავტორის ვარინკა წერეთლის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. ჩატარდა ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი - "სულიკო 2019".
რაც შეეხება პროგრამას, 11:00 საათზე, ზესტაფონის მერიაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
12:00 საათზე - საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში, (მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი ცენტრი);
12:00 საათზე - კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
12:00 საათზე - ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
13:00 საათზე - ღვინის ფესტივალი (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
14 საათზე - იმერული სამზარეულოს პრეზენტაცია (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია);
17:00 საათზე, - „საპატიო ზესტაფონელების“ წარდგენა - დაჯილდოება;
18 საათზე - კონცერტი ქართული ესტრადის მოწვეული მომღერლების მონაწილეობით (ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმდებარე ტერიტორია).

























