„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი - ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი გამდიდრების მიზნით, რივიერას ტერიტორიაზე აგვიშენოს ბეტონის ფარდა

„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი - ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი გამდიდრების მიზნით, რივიერას ტერიტორიაზე აგვიშენოს ბეტონის ფარდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი, გიორგი კირთაძე ბიძინა ივანიშვილს ბათუმში, ე.წ. რივიერას ტერიტორიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, პროექტის განხორციელება ბათუმელებისთვის მიუღებელია, რადგან გეოლოგიურად სახიფათოა. პარტია ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ბულვარის გაგრძელება მოხდეს.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი გამდიდრების მიზნით რივიერას ტერიტორიაზე აგვიშენოს ბეტონის ფარდა. თითოეული ჩვენთაგანისათვის, ვისაც ამ ქალაქის მომავალი აღელვებს, მიუღებელია მსგავსი პროექტის განხორციელება, რომელიც დაუკარგავს პერსპექტივას ჩვენს ქალაქს და სახიფათოა გეოლოგიური პრობლემების გამო.

ხელისუფლება გვესაუბრება, რომ თუ არ აშენდება რივიერა, ეს დააზინებს ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს. რა თქმა უნდა, რეალურად აღნიშნული პროექტის უკან მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებია და მეტი არაფერი, თუმცა, გვინდა რივიერას ამოფარებულ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას შევთავაზოთ გამოსავალი ისე, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესები და ბათუმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

კერძოდ: ხელისუფლებამ უზრუნველყოს რივიერას ტერიტორიის გამოსყიდვა და იქ ბულვარის გაგრძელება, ან განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა, თუნდაც უფრო მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემით, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ჭოროხის შესართავთან, სადაც თავისუფალია 265 000 კვ. საინვესტიციო ტერიტორია, რაც სასარგებლო იქნება, როგორც ინვესტორისათვის, ასევე ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის. აქ დაგეგმილი იყო ფინანსური ცენტრის მშენებლობა და მზად ვართ კონსულტაცია გავუწიოთ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებითაც.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საზოგადოების ჩართულობით დაიწყოს კონსულტაციები ივანიშვილის ბიზნეს ჯგუფთან და ბათუმის მერიასთან ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადებების განსახილველად. ჩვენ ამ წინადადებას ინიციატივის სახით წარვადგენთ აჭარის მთავრობაში და ბათუმის საკრებულოში განსახილველად, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანბანის კოშკთან ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება, რასაც მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს.