დუშეთში სესია „საქართველოს მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარება სოციალურად ორიენტირებულ მწვანე ეკონომიკის ჭრილში“ გაიმართება

დუშეთში სესია „საქართველოს მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარება სოციალურად ორიენტირებულ მწვანე ეკონომიკის ჭრილში“ გაიმართება

23-24 ოქტომბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ორდღიანი სტრატეგიული სესია „საქართველოს მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარება სოციალურად ორიენტირებულ მწვანე ეკონომიკის ჭრილში“ გაიმართება, რომელიც 2012 წლიდან ლიეტუველი მეცნიერების, ასოციაციების და სხვა დაინტერესებული პირების მიერ ჩატარებულ კვლევებს მოიცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

სესიას გახსნის ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი, ხოლო მისი მოდერატორია ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი, დალიუს სერაფინასი.

სესია მოიცავს გაეროს მწვანე ეკონომიკისა და ევროკავშირის კომისიის სოციალური ეკონომიკის კონცეფციებს, რეკომენდაციებს და იმპლემენტაციის სახელმძღვანელოებს, საიდანაც ქართულ მუნიციპალიტეტებს საშუალება აქვთ შეიმუშავონ სიღარიბის აღმოსაფხვრელი სტრატეგიები.

სესიაზე ასევე დრო დაეთმობა ევროკავშირის კანონმდებლობას, ლიეტუვის მუნიციპალიტეტებიდან საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და საქართველოს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.

აღნიშნული სესია ლიეტუვის განვითარების კავშირის, ლიეტუვის საელჩოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიებას აღმოსავლეთ ლიეტუველ სტუმრებთნ და აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წევრებიც დაესწრებიან.