კასპში სპორტული ინფრასტრუქტურა ვითარდება

კასპში სპორტული ინფრასტრუქტურა ვითარდება

კასპში უახლოეს მომავალში დასრულდება ფეხბურთის ცენტრალური და მინი მოედნების მშენებლობა და საფეხბურთო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი, 520 ადამიანზე გათვლილი მაყურებელთა ტრიბუნა, 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატის ოთახები, განათების თანამედროვე და გათბობის ჰელიო (მზის ენერგია) სისტემები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტში აქტიურ ჩართულობას.

„ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და დაფინანსებით კასპის მოსახლეობა საუკეთესო სპორტული ობიექტით ისარგებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.