ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

ფოთში, კუნძულის უბნის სანაპიროზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომლის პროცესს ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ლუდუკ ხასიასთან, ერთად გაეცნო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მ სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
„პროექტი არაერთხელ იქნა ქალაქის საზოგადოების წინაშე საჯაროდ განხილული. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

























