კვარხეთში იაპონიის გრანტით შეძენილი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო

კვარხეთში იაპონიის გრანტით შეძენილი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში იაპონიისგან გრანტის სახით მიღებული - 61 000 დოლარით შეძენილი მძიმე ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული გრანტი მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნული ტექნიკით (ექსკავატორ-დამტვირთველი) განხორციელდება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. მისი საშუალებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველწლიურად მოეწყობა ახალი სასმელი წყლის სისტემა (8 კმ), გაიწმინდება სარწყავი არხები (8 კმ) და სავარგულებამდე მისასვლელი გზები (8 კმ).

ახლად შეძენილი ტექნიკა ექსპლუატაციის მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპს "სასმელი წყლების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურების სამსახურს" გადაეცა. ორგანიზაციას დღემდე მსგავსი ტიპის მხოლოდ ერთი ერთეული ტექნიკა ემსახურებოდა. ა(ა)იპ ორი ექსკავატორ-დამტვირთველის საშუალებით მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოების ხანგრძლივობას და გააუმჯობესებს მის ხარისხს.

პროექტი იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.