„ნაცმოძრაობის“ წევრები - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის შესარჩევად კომისია კანონდარღვევით შეირჩა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის შესარჩევად კომისია კანონდარღვევით შეირჩა,- ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გამართეს, სადაც უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამბობენ, კომისია ფრაქციებთან კონსულტაციების გავლის გარეშე შეიქმნა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.
„ვფიქრობთ, რომ დაირღვა მთელი რიგი პროცედურები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის მიგვემართა. ყველა აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს ყველა იმ საკითხზე, რა ნაწილშიც თვლის რომ მისი უფლება დაირღვა",- განაცხადეს დეპუტატებმა.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდს უფლებამოსილება ერთ თვეში ეწურება. მოქმედი მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის დირექტორს ვეღარ აირჩევს, რადგან მეოთხე კონკურსი სასამართლომ შეაჩერა. ბორდს ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი კოხრეიძემ უჩივლა. იგი თვლის, რომ მესამე კონკურსის შედეგებით გამარჯვებულია.

























