ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, სამარშრუტო ხაზზე 4 გადამზიდავი კომპანია მუშაობს და დამატებით ერთი კომპანიის მუშაობა მათთვის მიუღებელია.

მძღოლები ამბობენ, რომ ფიროსმანის ქუჩაზე სამარშრუტო ხაზების გაზრდამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.

აქციის მონაწილეები, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ და დამატებული 29 ნომერი სამარშრუტო ხაზის გაუქმებას მოითხოვენ.

„ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე ოთხი სამარშრუტო ხაზი ვმუშაობთ, ახლა დაგვიმატეს მეხუთე ხაზი, 29 ნომერი. ამ ქუჩაზე მიკროავტობუსების რაოდენობის გაზრდამ შემოსავლის გარეშე დაგვტოვა. ხალხი ისედაც არ სარგებლობს მიკროავტობუსებით და ფაქტობრივად უმუშევარი ვართ. ოთხ ხაზს გადანაწილებული გვქონდა დრო და ისე ვმუშაობდით. მოვითხოვთ, რომ საკრებულომ საკითხს გადახედოს",- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ხიმშიაშვილი.

აქციის მონაწილეებთან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგებლები მივიდნენ. მათი თქმით, ფიროსმანის ქუჩაზე 29 ნომერი სამარშრუტო ხაზის დამატება მძღოლებისთვის მოულოდნელი არ იყო და პროცედურები კონკურსის წესით ჩატარდა.

„მიმდინარე წლის ივნისში, ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით სამარშრუტო ხაზები დამტკიცდა, ცვლილება 29 ნომერ სამარშრუტო ხაზსაც შეეხო.

კონკურსი გამოცხადდა, მძღოლები ინფორმირებული იყვნენ და უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. დღეს კი კონკურსში გამარჯვებული კომპანია გამოვიდა სამუშაოდ და რატომღაც გააპროტესტეს.

ჩვენ დაველაპარაკებით და თუ ცვლილების შეტანა საჭირო გახდა, საკრებულოზე საკითხი დაისმება, თუ არა და დარჩება უცვლელი. 29 ნომერი სამარშრუტო ხაზი ბათუმში თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს ქალაქის ცენტრთან - იუსტიციის სახლთან აკავშირებთ“, - განაცხადა ბათუმის მერიის საქალაქი სატრანსპორტო განყოფილების უფროსმა ნუგზარ ქავჟარაძემ.