შუახევში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, შეხვედრას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით გამართა. შეხვედრაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. შეკრებილებს ცვლილებებზე ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიაწოდა.
მისი განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტები -„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. მომხსენებელმა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისაუბრა სისტემის დადებით და ნაკლოვან მხარეებზე.
კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლამდე, განხილვის მონაწილეებს, თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები უმაღლესი საბჭოს უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პარტიული სიების დაკომპლექტების პრინციპებზე, ბლოკებად გაერთიანებასა და საკანონმდებლო ორგანოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მანდატების რაოდენობაზე.
ხულოსა და შუახევის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 3 ოქტომბერს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

























