ჩოხატაურში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა

ჩოხატაურში მოსული ნალექის შედეგად შექმნილი გადაადგილების პრობლემა აღმოფხვრილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილზე ახლა სტაბილური ვითარებაა, ხოლო გზების გაწმენდითი სამუშაოები გუშინვე განხორციელდა.
ამასთან, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ამ ეტაპზე კომისია მუშაობს და ფინანსური დახმარების საჭიროების შემთხვევაში მთავრობასაც მიმართავენ.
„ახლა ნორმალური სიტუაციაა, წვიმა არ არის. რამდენიმე ადგილი გასაწმენდი იყო და გუშინვე გაიწმინდა. ვინმე რომ გარესამყაროს მოწყვეტილი იყოს, ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. გაწმენდილი ყველგანაა, სადაც გადაადგილების პრობლემა იყო.
ჩამონაშალი იყო რამდენიმე ადგილას და მოსახლეობა ვერ გამოდიოდა. 2 მოსახლე იყო ასეთი, ვისგანაც შეტყობინება შემოვიდა. 2 შეტყობინება იყო სამაშველოსთან, თუმცა ეს უფრო შიშიდან გამომდინარეობდა. გზები დაზიანებულია, მაგრამ გადაადგილება შესაძლებელია, “ - განაცხადა ჩოხატაურის მერმა.

























