„ბათუმის წყალი“ - 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე განხორციელდება

ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა სრულდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ბათუმის წყლიდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის I ეტაპზე განხორციელდა: წყალმომარაგების ქსელის მოწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში, ასევე, 3500 აბონენტის წყალმომარაგება მეჯინისწყლის ხიდამდე.
პროექტის II ეტაპზე კი, ხელვაჩაურის ცენტრამდე მაგისტრალური მილი მოეწყო.
„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქის ამ ნაწილისათვის. გასული წლის სექტემბერში ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვიწყებდით მაგისტრალური წყალსადენის გაყვანას ხახულის ქუჩიდან ხელვაჩაურის ცენტრამდე. დღეს ეს სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს დაქსელვა და ძალიან მალე მოსახლეობას ცენტრალური სისტემიდან მიეწოდება წყალი“, - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა და მოსახლეობა წყალმომარაგების მისაღებად მიწისქვეშა წყლებით სარგებლობდა.
„ბათუმის წყლის“ დირექტორის, მარიკა გვიანიძის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე განხორციელდება
„პროექტის დასრულების შემდეგ, 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე განხორციელდება. წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე, მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით, 85 კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა მარიკა გვიანიძემ.
პროექტი ბათუმის მერიის, აჭარის ა/რ მთვარობისა და შპს „ბათუმის წყლის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

























