აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციას ადგილზე გაეცნენ. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბათუმი და აჭარა „წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება“.

„წარმოუდგენელი ტემპებით ვითარდება ბათუმი, აჭარა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფერს მოაქვს ახალი ეკონომიკა, ახალი სამუშაო ადგილები. აქ ვითარდება ცხოვრების დონე, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან აქტიურად არის ჩართული ხელისუფლება ბიზნეს სექტორთან პროექტების განხილვაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ეს პროცესი კიდევ უფრო დინამიური გახდება“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით კი, ბათუმში, ერთი მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, რომლებიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო, განახლდა.

„ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი დინამიკა როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ტურიზმის მიმართულებით, ამას მოწმობს რეგიონში მიმდინარე კონკრეტული პროექტები. აჭარაში ხორციელდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია, რასაც წლის ბოლომდე დაემატება მილიარდი ლარის ახალი ინვესტიცია. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში უკვე განახლდა ერთი მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეჩერებული“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

„აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმს მალე UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატება, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

ასევე, აქტიურ სტადიაზეა 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება.

დღესვე, მთავრობის წევრებმა წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს, რისთვისაც „ქართუ ფონდის“ მიერ 700 000 ლარია გამოყოფილი.

აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ხორციელდება რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებით. წელს „ფონდი ქართუს“ მიერ ძეგლების რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 მლნ ლარია გამოყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.