ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მეხუზლას შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კახეთის რეგიონში, რთველი უკვე პიკურ ფაზაშია და 22 სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით 110 ათასი ტონა ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლების მიერ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ორგანიზებული მართვა ხდება, რათა მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.
როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არც ერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე სოფელ კურდღელაურში, მეღვინე ქალებს შეხვდა და ღვინის წარმოების განვითარებისა და საექსპორტო ბაზრების შესახებ მათი სამომავლო გეგმები მოისმინა. მინისტრის მოადგილემ მეღვინეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად, მეღვინე ქალები სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რაც ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია.
„სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ მცირე მარნების წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოები, საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილს იმკვიდრებს. სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე მარნების და ზოგადად, აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.
მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთი მეღვინის, ქეთევან ალადაშვილის ვენახიც დაათვალიერა და რთველში მიიღო მონაწილეობა.
ქეთევან ალადაშვილმა, ღვინის წარმოება „Kate Wine“-ის ბრენდის ქვეშ, 2017 წელს დაიწყო. მეღვინე წლის განმავლობაში, 900 ტონამდე ღვინოს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ღვინის დაყენებას საფერავის, რქაწითელის, ქისის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნისგან ახდენს. „Kate Wine“-ის ღვინოებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო გამოფენებზე. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, პოლონეთში ხორციელდება.

























