პროექტი - „გაიცანი შენი რეგიონი“ დასრულდა

პროექტი - „გაიცანი შენი რეგიონი“ დასრულდა

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი - „გაიცანი შენი რეგიონი“ წარმატებით განხორციელდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით ღონისძიება ქალაქის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში გაიმართა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა გეგი ლიპარტელიანმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს სიგელები გადასცეს. ქალაქის მერმა მათ აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და 20, 21 და 22 სექტემბერს, „რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებზე მიიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ ქვემო ქართლის ღირშესანიშნაობები, ჩართულიყვნენ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში და რაც ყველაზე მთავარია, შეეძინათ ახალი მეგობრები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი იდეები, თუ როგორ უნდა განვითარდეს რუსთავი.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, პროექტი ,,გაიცანი შენი რეგიონი“ წარმატებით დასრულდა.

„მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საინტერესო იდეები და პროექტები ჩვენს ქალაქში, სწორედ თქვენ მიერ იყოს განხორციელებული და ხორცშესხმული. მიხარია, რომ ის დღეები, რაც თქვენ პროექტის მიმდინარეობისას ერთად გაატარეთ, ნაყოფიერი იყო“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას რუსთავის მერმა.

პროექტი „გაიცანი შენი რეგიონი“ ქვემო ქართლის მასშტაბით სამდღიან ტურებს გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები, რომლებიც 11 ნაკადად იყვნენ დაყოფილნი, დმანისის ნაქალაქარს და ბოლნისის სიონს ესტუმრნენ. სამდღიან ლაშქრობებში სამასამდე 15-დან 21 წლამდე რუსთაველი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული პროექტი „გაიცანი შენი რეგიონი“ 13 აგვისტოს დაიწყო და 14 სექტემბერს დასრულდა.