დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე შეხვედრები გამართეს

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიაში ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გამართეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორიას შეხვდნენ. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტუხაშვილიც ესწრებოდნენ.
რუსთავის მუნიციპალიტეტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დანიის სამეფოს პროექტის -„ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ შედეგები, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით, რუსთავში განხორციელებული სხვა პროექტებიც განიხილეს.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.
რუსთავის მერის მოადგილესთან შეხვედრამდე, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის სკოლებისა და ბაღების იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, რომლებიც ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ენერგოაუდიტორებად მომზადდნენ.
მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა, რუსთავის მე-6 ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერეს.
მე-6 საბავშვო ბაღში, ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღებისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით, სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ჩატარდა.
ევროკავშირის გრანტითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტი #6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში განახორციელა.
სამომავლოდ, რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია დანიის სამეფოს მხარდაჭერით იგეგმება.

























