ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლოში პროცესი დღეს დასრულდება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლოში პროცესი დღეს დასრულდება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლოში პროცესი დღეს დასრულდება. მხარეები დასკვნით რეპლიკებს ამბობენ, რის შემდეგაც მოსამართლე სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გამოაცხადეს.

დავა ქალაქის მერიასა და მუსლიმ თემს შორის თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ პროცესი რამდენჯერმე გადადო, მან მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა, თუმცა მოლაპარაკება ვერ შედგა.

„გაოგნებული ვარ, რადგან მერიის თანამშრომლების მხრიდან არავითარი სითბო და სურვილი საკითხის მოგვარების, არ გამოიკვეთა. მერია გვთავაზობს ჩვენი მიწა გადავცეთ სახელმწიფოს. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რადგან გვინდა საქმე ჩვენი ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიიყვანონ ბოლომდე. საქართველოში 32 რელიგიური გაერთიანებაა. კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება ააგოს საკულტო ნაგებობა. ჩვენ, მუსლიმები მზად ვართ, ჩვენი ტერიტორიაც კი დავუთმოთ ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანებს. გაოგნებული ვართ, საკუთარ მიწაზე, რატომ გვეუბნებიან უარს, მაშინ როცა იგივე ტერიტორიაზე რვა ეკლესიაა",- განაცხადა მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ პროცესზე.

სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავენ.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ. მეჩეთის ასაშენებლად 2017 წელს მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვაზე პროცედურის პირველივე ეტაპზე უარი უთხრა. მუსლიმმა თემმა სწორედ ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს.