გონიოს ციხეში „რომაული ფესტივალი 2019“ გაიმართება

20-21 აგვისტოს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში „რომაული ფესტივალი 2019“ გაიმართება.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს’’ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში, საგანგებოდ მოეწყობა რომაული ბანაკი, ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით. ასევე, წარმოდგენილი იქნება, რომაელი ლეგიონერის ყოფა-ცხოვრებასთან და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები.
„ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სადღესასწაულო ბაზრობა, სადაც სხვადასხვა სახის ნაკეთობა, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები გაიყიდება. ,,რომაულ ფესტივალზე’’ მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასები ჩატარდება. ასევე, სხვადასხვა თეატრალიზებული სანახაობა, მათ შორის, „გლადიატორების ორთაბრძოლა“ გაიმართება. ფესტივალზე ტურნირი „გონიოს თასი“, სამ სპორტულ სახეობაში: ქართული ჭიდაობაში, მშვილდოსნობასა და ცხენოსნობაში გაიმართება.
ფესტივალის მიზანია მუზეუმის პოპულარიზაცია და იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციში.

























