წელს პირველად ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

წელს პირველად ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

წელს პირველად ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აცნობეს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალი ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება და მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს კი ფესტივალი იტალიის საზღვრებს გასცდება და საქართველოში ჩატარდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.

„2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3-წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარს უჭერს იტალიის სენატი და მთავრობა. ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის „საქართველო, ევროპა“ ფარგლებში ტარდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 16 აგვისტოს - "ბალ-მასკარადის" პრემიერა თბილისის ოპერის თეატრში გაიმართება. 23 აგვისტოს კი არენა დი ვერონას "აიდა" „ბლექ სი არენას“ სცენაზე შესრულდება. გარდა იმისა, რომ არენა დი ვერონას სპექტაკლი საქართველოში პირველად ჩამოდის, „ბლექ სი არენაზე“ პირველად დაიდგმება საოპერო სპექტაკლი. „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გალა კონცერტს 25 აგვისტოსაც გამართავენ.

„ფესტივალის პარტნიორია ევროპის უდიდესი კერძო მედია კომპანია Mediaset S.p.A (მფლობელი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი), რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყოფს ფესტივალისა და ქვეყნის გაშუქებას უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-ი გააშუქებს არა მხოლოდ ფესტივალს, არამედ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ისტორიულ ძეგლებს, ასევე არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, Black Sea Arena - ს პოპულარიზაციას, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი მისცემს შესაძლებლობას იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია.

“ბალ-მასკარადი“ ვერდის ერთადერთი ოპერაა, რომლის მოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ვერდის ოპერის სიუჟეტი ფრანგი დრამატურგის ეჟენ სკრიბის პიესის მიხედვით დაიწერა. პიესა თავდაპირველად დაფუძნებული იყო შვედი მეფის გუსტავ მესამის მკვლელობის ეპიზოდზე. მაგრამ 1858 წელს, ოპერის პრემიერამდე რამდენიმე ხნით ადრე ნაპოლეონ მესამეზე მოხდა თავდასხმა. ნეაპოლის ხელისუფლება შიშობდა, რომ ოპერამ შესაძლოა ნეაპოლელებს აჯანყებისაკენ უბიძგოს, რის შედეგადაც აკრძალა ოპერის დადგმა ნეაპოლში. რომის ოპერის თეატრის იმპრესარიომ ვერდის შესთავაზა ოპერა რომში დაედგა. ვერდი დათანხმდა, თუმცა ლიბრეტისტ სომასთან შეთანხმებით ოპერის მოქმედება შვედეთიდან ჩრდილოეთ ამერიკაში, ბოსტონში გადაიტანა, მეფე გუსტავი გარდაიქმნა ბოსტონის ინგლისელ გუბერნატორად რიჩარდ ბარბიკად, მისი მკვლელი გრაფი ანკარსტრემი კი მდივან რენატოდ. შერბილდა ნაწარმოების პოლიტიკური საწყისი და წინ წამოიწია გმირების პირადი დრამა.

„ბალ-მასკარადის“ პრემიერა 1859 წლის 17 თებერვალს რომის თეატრ აპოლოში შედგა. ოპერას უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

თბილისის ოპერის თეატრში „ბალ-მასკარადი“ პირველად 1862 წლის 8 თებერვალს იტალიური დასის ანტრეპრენიორ ანტონიო ტორაძელის ხელმძღვანელობით დაიდგა. მას შემდგომ აღნიშნული ოპერა მუდმივად იყო თეატრის რეპერტუარში. „ბალ-მასკარადის“ ბოლო დადგმა მიხეილ თუმანიშვილს ეკუთვნის (დამდგმელი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, დამდგმელი მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი), რომელიც 1988 წლიდან 2010 წლამდე დიდი წარმატებით სრულდებოდა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე“, - აღნიშნავენ ოპერისა და ბალეტის თეატრში.