ჯასტინ მაკენზი სმიტი - დეზინფორმაცია უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს თუ ბრიტანეთის საერთო პრობლემაა, მე ბევრი ვისწავლე პრაქტიკოსებისგან თქვენს ქვეყნებში

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯასტინ მაკენზი სმიტის განცხადებით, მთავრობა და სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი და შეიმუშაოს ის საშუალებები, რომლითაც შეებრძოლება პროპაგანდას და მსგავს საფრთხეებს.
„დეზინფორმაცია არის საერთო პრობლემა, რომელიც ჩვენი, ყველას წინაშე დგას, იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თუ თუნდაც ბრიტანეთი. ვფიქრობ, მე იმდენი ვისწავლე პრაქტიკოსებისგან და ექსპერტებისგან თქვენს ქვეყნებში ამ თემაზე, რომ ფაქტიურად თქვენ გახდით ექსპერტები ამ საკითხში, რაც ჩვენთვის კარგი გაკვეთილია. მე ჩემს შენიშვნებში ვისაუბრებ დეზინფორმაციაზე, რომელიც მოდის კრემლისგან. საკმაოდ საფრთხის შემცველი არის რუსული წყაროებისგან მომავალი ინფორმაციები. ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენ, მე მცირე განსხვავებას ვხედავ დეზინფორმაციასა და კიბერომს შორის“, - განაცხადა ელჩმა.
მან მაგალითად სკრიპალების საქმე მოიყვანა და განაცხადა, რომ ამ საქმის 44 სხვადასხვა ვერსია გავრცელდა რუსული წყაროებიდან. რაც შეეხება ბრიტანეთს, ჯასტინ მაკენზი სმიტის თქმით, ამ დეზინფორმაციას ბრიტანეთი იმ მედიით და ორგანიზაციებით დაუპირისპირდა, ვინც საკითხს აშუქებდა.
„ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ საკითხს რაც შეეხება, ეს ყველგან ხდება. სომხეთშიც არის მსგავსი სახის შეტევები. ინფორმაციის ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ბიოლოგიური იარაღის ცენტრები მთელ მსოფლიოში - 400 ქვეყანაში. მსოფლიოში სულ 159 ქვეყანაა აღრიცხული, ანუ როგორც ხედავთ, სასაცილოა ეს ყველაფერი. თუმცა როგორც უკვე ითქვა, საკმაო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამ ინფორმაციას მოსახლეობაში. მნიშვნელოვანია გავიღოთ თანხები იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ამგვარ ინფორმაციას. ასევე პოზიტიური ფორმით უნდა გავაშუქოთ და ხაზი გავუსვათ ღირებულებებს და პრინციპებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს“, - აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში პარლამენტის როლი, ვინაიდან მათ აქვთ ურთიერთობა ამომრჩეველთან.
„მთავრობა, სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი და შეიმუშაოს ის საშუალებები, რომლითაც შეებრძოლება ამ საფრთხეებს. პარლამენტმა უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი, რომ მოახდინოს სამთავრობო რეაგირების კოორდინირება“, - აღნიშნა ელჩმა.

























