ანსამბლმა „ლილემ“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა

საქართველოს ყრუთა კავშირთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლილემ“, საბერძნეთში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „იდეების ტალღა“, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, „ლილეს“ წარმატებასთან დაკავშირებით, 2 ოქტომბერს, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სამინისტროში ანსამბლის წევრებს უმასპინძლებს და კონკურსში მოპოვებულ გამარჯვებას პირადად მიულოცავს.
ამასთან, გაიმართება ასევე მცირე კონცერტი ანსამბლ „ლილეს“ მონაწილეობით.
ანსამბლი საბერძნეთში, ქალაქ ლუტრაკში საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 23 აგვისტოს გაემგზავრა. ფესტივალზე „იდეების ტალღა“, გარდა პირველი ადგილისა, ანსამბლმა „ლილემ“ მიიღო განსაკუთრებული ჯილდო და ასევე, საგანგებო მოწვევა ფესტივალის ორგანიზატორებისაგან, რაც მას ყოველგვარი საფესტივალო მოსაკრებელი თანხის გადახდისგან ათავისუფლებს.
სამინისტროს ცნობით, „საქართველოს ყრუთა კავშირთან" არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლილეს" წევრები, ყრუ და სმენადაქვეითებული მოცეკვავეები არიან, რომლებმაც გამარჯვება თანაბარ პირობებში მოიპოვეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“.

























