“კულტურა საზღვრებს გარეშე” - პროექტის მესამე ეტაპი გაიმართა

„1 ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, გრძელდება პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე". პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში, ღონისძიებები შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში გაიმართება.
როგორც განათლების,მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 28 სექტემბერს სოფელ მერეთში და ქალაქ გორში, მწერლები, ხელოვანები და მეცნიერები - გიორგი კეკელიძე, ემზარ ჯგერენაია და ბექა ღაჟონია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღებს. მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი და დევნილი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით, ასევე, ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც სსიპ ქალაქ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მუსიკოს - სანდრო ნიკოლაძის ბენდის „Space Board” მონაწილეობით გაიმართება. კონცერტს დაესწრებიან პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში მონაწილე სტუდენტები სოფ. მერეთიდან, ასევე, ქ. გორში და მახლობლად მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები.
ადგილობრივ სკოლას და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წიგნის ხელმისაწვდომობის საკითხსაც. ამ ეტაპზე, პროექტისთვის შერჩეულ სოფლებში (ტყაია, მეჯვრისხევი, ორსანტია, მერეთი), არ არსებობს ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს წიგნებით და განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებს და შემეცნებით ღონისძიებებს.
ქართველი გამომცემლების ჩართულობით, მოხდება ღია სამკითხველოების დაარსება - სივრცის, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას.

























