ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება

ლიანა ისაკაძის X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ქალაქ ბათუმიდან, ფესტივალის დასკვნითმა საღამოებმა თბილისში გადაინაცვლა - კონცერტები თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2 და 4 სექტემბერს გაიმართება.
„2 სექტემბერს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ წარდგება. სოლისტი - გია იაშვილი, ვიოლინო (საქართველო/ავსტრია); დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია).
სხვა ნაწარმოებებთან ერთად, კონცერტზე იოსებ ბარდანაშვილის სერენადა ვიოლინოსა და სიმებიანისთვის შესრულდება, რომელიც კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.
წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო/აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (შვეიცარია/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/ საქართველო) და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, წელს, ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.ფესტივალი „ღამის სერენადები“ კონცერტით თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 4 სექტემბერს დაიხურება.

























