ალექსანდრე ელისაშვილის შტაბმა პოლიციას მიმართა

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის შტაბმა პოლიციას მიმართა. როგორც შტაბის თავმჯდომარემ ივანე ნორაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაუდგენელი პირები სხვადასხვა პარტიის სიმბოლიკიან მაისურებში გამოწყობილები მოძრაობენ ქუჩებში და თითქოს ალექსანდრე ელისაშვილის სახელით, პერსონალურ მონაცემებს ითხოვენ.
ივანე ნორაკიძის განცხადებით, მოქალაქეებს ექმნებათ განცდა, რომ მათ დაადასტურეს ალექსანდრე ელისაშვილის მხარდაჭერა და იმ საარჩევნო ბლანკებს აღარ აწერენ ხელს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო შტაბს.
ივანე ნორაკიძე სამართალდამცველებს მიმართავს, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
„27 აგვისტოს სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ დაუდგენელი პირები სხვადასხვა პარტიის სიმბოლიკიან მაისურებში გამოწყობილები, მოქალაქეებს თავს წარუდგენენ ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერებად და თითქოს მისი მხარდაჭერის მიზნით, სთხოვენ პერსონალურ მონაცემებს, ასევე გაურკვეველი წარმომავლობის ბლანკზე ხელმოწერას. ამის შედეგად ხელმომწერ მოქალაქეებს ექმნებათ განცდა, რომ მათ უკვე დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ და აღარ აწერენ ხელს იმ საარჩევნო ბლანკებს, რომლებიც ნამდვილად ეკუთვნის ალექსანდრე ელისაშვილს და რომელიც კანონმდებლობით სავალდებულოდ წარსადგენია ცესკო-ში მერობის კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ამომრჩევლის მიერ არჩევნებში საკუთარი ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას მოტყუებით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით მე-2 ნაწილით „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულია. მივმართავთ საგამოძიებო უწყებას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოახდინოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ.
მან განცხადება სამგორის პოლიციის განყოფილებაში შეიტანა, რომელსაც თან კიდე ჩანაწერი დაურთო, სადაც ნორაკიძის განცხადებით, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის ფაქტია ასახული.

























