,,ერისიონმა” ბოლნისში სოლო კონცერტი გამართა

ბოლნისში ,,ერისიონის’’ სოლო კონცერტი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ,,ერისიონმა“ გრანდიოზული შოუ ,,ქართული საგანძური“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე გამართა.
საათნახევრიანი პროგრამა ქართული ცეკვისა და მუსიკის შედევრებს მოიცავდა. კონცერტზე საქართველოს ყველა კუთხის ცეკვა და სიმღერა შესრულდა: აფხაზური, მეგრული „ჩელა“, „ოდოია“, „ცხენოსნური“ და სხვა. ანსამბლის ცნობილ შემსრულებლებთან ერთად სცენაზე მომავალი თაობა იდგა.
ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი კონცერტებს „ქართული საგანძური“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მართავს. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ანსამბლი ბოლნისის შემდეგ სოლო კონცერტს რუსთავში და გურჯაანში ჩაატარებს.

























