წყალტუბოში “მწვანე ფესტივალი" გაიმართება

ელექტრონული და ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის წყალტუბოში “მწვანე ფესტივალი" გაიმართება. ღონისძიება 25 - 26 სექტემბერს ჩატარდება, რომლის მიზანსაც ცოცხალი და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციით მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის ზრდა წარმოადგენს. "მწვანე ფესტივალი" ცაგერიდან, ,,მწვანე თეატრიდან" დაიწყო და ამჯერად წყალტუბოს ცენტრალურ პარკში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები იმღერებენ (რობი კუხიანიძე, გაგა - ფრანი ჩიხლაძე, ლაშა დადეშქელიანი და ჯგუფი SILVERSIDE, Band E Roll, DJ ZAPA). საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდება. ღონისძიების მხარდამჭერია წყალტუბოს განვითარების ფონდი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, ბარ - რესტორანი "პალატი" და "პრო მოციონ ჯორჯია". ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
,,როგორც დავაანონსეთ, ცაგერის შემდეგ ფესტივალს წყალტუბოში ვმართავთ. გპირდებით დაუვიწყარ და ძალიან მაგარ საღამოებს. გელოდებით ყველას, ვისაც გემოვნებიანი მუსიკა და გართობა გიყვართ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები შემდეგი ფესტივალის თაობაზე, თუმცა თუ სად და როდის გაიმართება ფესტივალი, ამას სიურპრიზად დავტოვებ", - აღნიშნა ფესტივალის ორგანიზატორმა ზურაბ ფანჯარაძემ.

























