ფოთში ხვალ ჯგუფ „ბანისა“ და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, ხვალ, ქალაქ ფოთში, ფაზისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯგუფ „ბანისა“ და ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5” და ხოსე კარერასი.
„Check in Georgia“-ს განხორციელების მიზანია, წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა, ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი”- აცხადებენ ორგანიზატორები.


























