ბათუმში ხვალ ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა გაიმართება

ბათუმში ხვალ ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ხვალ ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა გაიმართება. ჩინელ აკრობატთა დასის „Tianjin Beauty Arts Troupe“ წარმოდგენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, 58 არტისტისგან დაკომპლექტებული დასი ჩინურ კულტურას მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგენს, მათ შორის აკრობატულ ნომრებს, ჩინურ ცეკვასა და სიმღერას, ასევე კუნგფუს წარმოდგენას. წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებით, ღონისძიება ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.

წარმოდგენასთან დაკავშირებით, დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციური, აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და ჩინელ აკრობატთა დასის წარმომადგენლები გაუძღვებიან.

InterPressNews.Ge