კულტურის სამინისტრო გენერალური აუდიტორის ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება,რომელიც სამინისტროებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებს ეხება.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წლის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14 ათას ლარზე მეტით არის შემცირებული. კულტურის სამინისტროს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ინფორმაცია, თითქოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დანამატების გაცემის რაოდენობა 1509%-ით გაიზარდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
რესპონდენტის მიერ ციფრებით არითმეტიკული მანიპულირება იწვევს სახელმწიფო უწყებების და, შესაბამისად, მასში მომუშავე თანამშრომელთა დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში მიზანმიმართულად შეყვანას. განსაკუთრებით საწყენია, როცა ასეთ განცხადებას მაღალი თანამდებობის პირი აკეთებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ: 2015 წლის სამინისტროს ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების ხარჯი 14 ათას ლარზე მეტითაა შემცირებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2015 წელს მოსალოდნელი პრემიებისა და დანამატების ასიგნებები 90 ათასით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე", - ნათქვამია განცხადებაში.

























