მსოფლიო ვარსკვლავებმა საქველმოქმედო კონცერტის შესახებ ისაუბრეს

13 სექტემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, მსოფლიო ვარსკვლავებმა სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კონცერტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, 13 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი საქველმოქმედო გალა-კონცერტის შესახებ ისაუბრეს მსოფლიო მეგავარსკვლავებმა: ნინო სურგულაძემ, 21-ე საუკუნის უდიდესმა მსოფლიო ტენორმა ფაბიო არმილიატომ, ბოლო 20 წლის ყველაზე დიდმა მსოფლიო სოპრანომ დანიელა დესიმ და უდიდესმა მსოფლიო ბარიტონმა ალბერტო გაძძალემ.
საოპერო მომღერლებმა ნინო სურგულაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადეს და როგორც აღნიშნეს, მოხარულები არიან, რომ საქველმოქმედო პროექტში ნინო სურგულაძესთან ერთად მონაწილეობენ.
"ნინო სურგულაძესთან ერთად ვმონაწილეობდი "კარმენში". მოხარული ვარ, რომ ამ ნიჭიერ შემსრულებელთან ერთად კიდევ ერთხელ დავდგები სცენაზე", - განაცხადა ფაბიო არმილიატომ.
პროექტში მონაწილეობის გამო კმაყოფილება გამოთქვა დანიელ ადესიმ.
"მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას, მნიშვენლოვანია ის, რომ ამ კონცერტით არაერთ ბავშვს გავაბედნიერებთ", - აღნიშნა დანიელა დესიმ.
"ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა-კონცერტს 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.
მარათონში მსოფლიო მეგა-ვარსკვლავები: ნინო სურგულაძე, ვუდი ალენის რჩეული, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, ვიოლინო ფრანჩეს კადეგო, მაესტრო დანიელე რუსტიონი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების რეჟისორია გოჩა კაპანაძე.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო მასშტაბური ღონისძიება გამართა. ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ათეულობით ბავშვს საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა.

























