თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, კომპანია "ჯეი თი აის" წარმომადგენელი ოვიდიუ ჩერნეი და "სოლიდარობის ფონდის" დირექტორი მარიამ ჯაში ესწრებოდნენ.
როგორც კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, სექტემბერში თბილისელებს და თბილისის სტუმრებს ნადვილი თეატრალური ზეიმი ელოდებათ. მისივე თქმით, გეოგრაფიული თვალსაზრისით ფესტივალის არეალი უფრო გაფართოვდა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ფესტივალი ქართული თეატრებისათვის ტრამპლინი იქნება, კერძოდ, უცხოეთში გასტროლების დასაგეგმად, ერთობლივი პროექტებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად.
გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის შტეფან ვაკვიცის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით საერთაშორისო ფესტივალზე გერმანიიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასი "შაუბუნე" ჩამოვა. როგორც ვაკვიცმა აღნიშნა, დასი 60-იან წლებში დაფუძნდა. იგი გერმანიაში კარგად არის ცნობილი და ექსპერიმენტულ თეატრს წარმოადგენს.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თეატრალური ფესტივალის გახსნის დღიდან შემოსული თანხა მთლიანად "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება, ხოლო ფესტივალიდან შემოსული თანხა 13 ივნისს დაზარალებულებს მოხმარდება.
პრეზენტაციის შემდეგ, როგორც თეატრალური ფესტივალის დირექტორმა, ეკატერინე მაზმიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფესტივალი ყოველწლიურად განსხვავებულია, წელს ფესტივალს ეყოლება სპეციალური სტუმრები. მაზმიშვილმა ჯერჯერობით მათი ვინაობა არ დაასახელა. მისივე თქმით, წლევანდელი ფესტივალის როგორც ქართული სპექტაკლების, ასევე სპექტაკლების საერთაშორისო პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მან რამდენიმე სპექტაკლი გამოყო, რომელიც მისი აზრით მაყურებელზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას დატოვებს. მაზმიშვილის აზრით, ეს არის დიდი ბრიტანეთის თეატრ "გლობუსის" დრამა "ჰამლეტი", თეატრ "შაუბუნეს" "ხალხის მტერი", სორესკუს ეროვნული თეატრის დრამა "ქარიშხალი", თანამედროვე ცეკვა "კააში" და ასევე გერმანიის თეატრ "სოსანის" თანამედროვე ცეკვა "გაქვავებული". ეკატერინე მაზმიშვილმა დასძინა, რომ ამ სპექტაკლის ქორეოგრაფი და რეჟისორი წარმოშობით ქართველია, გერმანიაში მოღვაწეობს და თეატრალური ფესტივალი ყოველთვის დაინტერსებულია საქართველოში მოიწვიოს უცხოეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორები.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. ბილეთების გაყიდვა თბილისის ცენტრალურ სალაროებში ხვალიდან დაიწყება. ბილეთების შეძენის მსურველებს შეუძლიათ 15 აგვისტომდე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამით, წარმოდგენილი იქნება 12 ქართული თეატრი 13 სპექტაკლით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 70 საერთაშორისო სტუმარი დარეგისტრირდა. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვორქ შოფები, სემინარები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები.

























