ირმა ინაშვილმა, ნინო მიქიაშვილმა და ირაკლი ლომიძემ საყდრისთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნეს

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა და ხრიდოლის აკადემიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ საყდრისთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნეს.
როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ეს დოკუმენტი არის 2 ივლისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გამართული შეხვედრის ოქმი, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების გეგმა დასახეს. მათივე თქმით, ამ შეხვედრაზე არც კი უმსჯელიათ საყდრისის არსებული სახით შენარჩუნებაზე.
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების გეგმა დასახეს. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ამავე უწყების წარმომადგენლებმა პაატა გაფრინდაშვილმა და მანანა ვარძელაშვილმა, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელებმა ირინე ღამბაშიძემ და თომას შტოლმერმა, კომპანიის RMGGold-ის იმჟამინდელმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ, გერმანიის საელჩოდან მონიკა ლეჰარდმა და საელჩოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა. ამ შეხვედრაზე არც კი უმსჯელიათ საყდრისის არსებული სახით შენარჩუნებაზე. მონაწილეებმა თომას შტოლმერის წინადადებები განიხილეს, რომელიც ამბობს: საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე შესაძლებელია განხორციელდეს გადარჩენითი ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები მათ შორის 3D სკანირება, რათა შემდეგ სრულად გასუფთავდეს არეალი სამთამადნო სამუშაოებისთის", - აცხადებენ საყდრისის დამცველები.
მათი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების, პროფესორ ალბრეხტ იოკენჰოველისა და პროფეროს ვენელინ ჟელევ ჟელევის მიერ მომზადებული რეკომენდაციის ფარგლებში იმოქმედებენ და საბაზისო დოკუმენტად გამოიყენებენ თომას შტოლმერის წინადადებებს. ინაშვილის, მიქიაშვილისა და ლომიძის ინფორმაციით, იოკენჰოლევი და ჟელევ ჟელევი თავიანთ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებენ, რომ საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ რეკომენდაციებში მის დანგრევას მწვანე შუქს უნთებენ.
"ჩვენ საყდრისის მცველები არ დავუშვებთ საყდრისის დანგრევას", - აცხადებენ ისინი.
ინაშვილის, მიქიაშვილის და ლომიძის თქმით, ეს არის ოფიციალური ოქმი, რომელიც ნიკოლოზ ანთიძემ კულტურის მაშინდელ მინისტრ გურამ ოდიშარიას გადაუგზავნა.

























