ქართული კულტურის მოღვაწეები გაიანე ხაჩატურიანის მუზეუმის გახსნას ითხოვენ

ქართული კულტურის მოღვაწეები გაიანე ხაჩატურიანის მუზეუმის გახსნას ითხოვენ

კულტურის მოღვაწეები ხელისუფლებისგან მხატვრისა და ნოველების ავტორის, გაიანე ხაჩატურიანის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ითხოვენ.

საქართველოს კულტურის მოღვაწეები, მათ შორის ელდარ შენგელაია, გოგი დოლიძე, ანზორ ერქომაიშვილი, თინათინ კლდიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, გია ბუღაძე და სხვები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მირიანე ოდიშარიას წერილით მიმართავენ. კულტურის მოღვაწეები გაიანე ხაჩატურიანის მუზეუმის გახსნას, ასევე სამთავრობო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც გაიანე ხაჩატურიანის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის და მხატვრის მუზეუმის შესაქმნელად ნიადაგს მოამზადებს. წერილს კულტურის 19 მოღვაწე აწერს ხელს. მიმართვის ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ვსარგებლობთ შემთხვევით და გამოვხატავთ თქვენდამი ღრმა პატივისცემას და ამასთან მოგახსენებთ, რომ გაიანე ხაჩატურიანი 1942 წელს, თბილისში დაიბადა, მხატვრად თბილისში ჩამოყალიბდა და მშობლიური ქალაქით აღფრთოვანება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ შენელებია.

გაიანე არა მარტო მხატვარი, მშვენიერი ნოველების ავტორიც გახლდათ, სადაც გამოიკვეთა თბილისისა და თბილისელებისადმი, ზოგადად, გარესამყაროსადმი მისი დამოკიდებულება. გაიანეს შემოქმედებითი ზრდა იმხანად თბილსში არსებულ, უაღრესად ცოცხალ და საინტერესო, მაღალი სულიერებით აღბეჭდილ კულტურულ გარემოსთან ასოცირდება. მხატვარმა შეითვისა ყოველივე საუკეთესო, რაც მრავალეროვანი ქალაქისთვის იყო ნიშანდობლივი და მულტიკულტურულ ჰარმონიას ქმნიდა. გაიანე ტიპური თბილისელი გახლდათ თავისი ტოლერანტობითა და სხვა ერებისადმი დამოკიდებულებით. მის ბინა-სახელოსნოში ხშირად იკრიბებოდნენ მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ისე საზღვარგარეთის ცნობილი კულტურული ცენტრებიდან. გაიანესთან ურთიერთობა თითოეული მათგანისათვის, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის საკუთარი შემოქმედებითი ძალების ერთგვარ შეჯამებასა და შემოწმებას, ორიგინალური იდეებისა თუ უახლესი ინფორმაციის გაცვლას, ინტელექტუალურ სრულყოფას ემსახურებოდა.

გაიანემ ხუთასზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ასევე, უამრავი მცირე ფორმის ლიტერატურული ნაწარმოები შექმნა. მძიმედ დაავადებული მხატვარი 2009 წლის 1 მაისს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაიანემ მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, სხვა ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც საუკეთესო სამუშაო პირობები ექნებოდა, კატეგორიული უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თბილისის გარდა, ვერსად წარმოედგინა ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მის ზრდასა და სრულყოფას სწორედ ეს ქალაქი განაპირობებდა, რაც სხვადასხვა გამოსვლებსა და ინტერვიუებშიც არაერთხელ აღუნიშნავს.

ხუთი წელია, არა მარტო თბილისელები, მხატვრის შემოქმედების დამფასებლები და თაყვანისმცემლები საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნიდან ელიან თბილისში გაიანე ხაჩატურიანის მუზეუმის გახსნას, სადაც შეიკრიბებიან, გაიხსენებენ მხატვარს, კიდევ ერთხელ შეავლებენ თვალს მის ნამუშევრებს, თავიანთ დამოკიდებულებას, საკუთარ შთაბეჭდილებებსა და კვლევის შედეგებს გაუზიარებენ ერთმანეთს, ახალგაზრდები გაეცნობიან ბრწყინვალე მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ექსპონატებს.

გაიანე ხაჩატურიანმა თავისი უაღრესად საინტერესო შემოქმედებით, პიროვნული ღირსებით, თბილისისა და თბილისელებისადმი უანგარო სიყვარულით დაიმსახურა ჩვენს დედაქალაქში მუზეუმის დაარსება. აუცილებელია, თბილისის თეატრისა და კინოს მუზეუმში ამჟამად შენახული მისი ფერწერული ტილოები, რომლებიც, კანონის სრული დაცვით, სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადდა, არ გავიდეს მუზეუმიდან, რადგან მათ არ დაემუქროს გაფანტვა და გასხვისება. მოვითხოვთ, შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც შეისწავლის გაიანე ხაჩატურიანის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს და ნიადაგს მოამზადებს მხატვრის მუზეუმის შესაქმნელად", _ ნათქვამია ხელოვანთა მიმართვის წერილში.