ისტორიკოსი მანანა ხომერიკი - 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ფიროსმანი კუკიაზეა დასაფლავებული

ისტორიკოსი მანანა ხომერიკი - 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ფიროსმანი კუკიაზეა დასაფლავებული

100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკალა კუკიაზეა დასაფლავებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ისტორიკოსმა მანანა ხომერიკმა განუცხადა. როგორც ისტორიკოსი აცხადებს, პირველი ვერსიის თანახმად, ნიკო ფიროსმანი მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული, მეორე ვერსიის თანახმად კი, მხატვარი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა და პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს.

მისი თქმით, ნიკალა 1918 წლის აღდგომის წინა დღეს გარდაიცვალა, ამ წელს აღდგომა ახალი სტილით 5 მაისს იყო. აქედან გამომდინარე კი‚ შეგვიძლია ითქვას, რომ ნიკალა 4 მაისს წაუყვანიათ საავადმყოფოში და იმავე დღეს გარდაიცვალა. 4 მაისს თბილისში ერთადერთი უპატრონო მიცვალებულია გატარებული და ისიც - მიხეილის საავადმყოფოში. ამასთან, ფიროსმანი ამ საავადმყოფოსთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, იქ მისი მიყვანა უფრო ლოგიკურია და იაფი დაჯდებოდა. ამ საავადმყოფოში 1918 წლის მაისში შესული ყველა ავადმყოფის ვინაობა ცნობილია, ამ მამაკაცის გარდა. მისი ცხედარი 5 მაისს გაკვეთეს. ოქმი შედგენილია 7 მაისს. ოქმის მონაცემები ემთხვევა იმ ჩივილებს, რის გამოც ფიროსმანმა 1893 წელს რკინიგზის სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. ხოლო, ცოტა ხნით ადრე იძულებული გახდა‚ შვებულება აეღო და აბასთუმანში წასულიყო სამკურნალოდ. როგორც ირკვევა‚ ის ტუბერკულოზით იყო დაავადებული. საისტორიო არქივში ფიროსმანის დაკრძალვის ჩანაწერებიც მოვიძიე. მიხეილის საავადმყოფოში ეკლესიის სამეტრიკო წიგნში დაფიქსირებულია 1918 წლის 4 მაისს გარდაცვლილი "უცნობი წოდების" მამაკაცი, რომელიც 9 მაისს დაუკრძალავთ. გარდაცვალების მიზეზად ტუბერკულოზია დასახელებული.

ისტორიკოსის განცხადებით, საავადმყოფოს გვერდით მდებარეობდა წმინდა მიხეილის ეკლესია. 9 მაისს იმ უცნობ მამაკაცს, რომელიც 4 მაისს გარდაიცვალა, აუგეს წესი და კუკიაზე დაკრძალეს. კუკიის სასაფლაოზე გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილი, სადაც მიხეილის საავადმყოფოში გარდაცვლილ უპატრონო მიცვალებულებს კრძალავდნენ.

მისი თქმით, შესაძლოა, ადამიანების გარკვეული ჯგუფი იყო, რომელმაც ნიკალას კუკიაზე დაკრძალვის შესახებ იცოდა და არ არის გამორიცხული, რომ მათ შეეკრიბათ გარკვეული თანხა და ამ თანხით ეყიდათ საფლავის ლოდი.

რაც შეეხება კულტურის სამინისტროს, ხომერიკი ამბობს, რომ კომისიის შექმნას სამინისტროსგან წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა.

"კულტურის სამინისტრო, არ მიხსენოთ როგორც ასეთი. მე წლობით ვეხვეწე მათ, რომ შემდგარიყო კომისია ფიროსმანის შესახებ, მაგრამ არავითარი რეაგირება არ ყოფილა. ყველა თავის ამბიციების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს, ნიკალას დარდი არავის აქვს. მე ვეყრდნობი ჩემს საკუთარ კვლევებს და 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ნიკალა არის დასაფლავებული კუკიაზე. მკითხაობას არ ვარ მიჩვეული, მე უფრო დოკუმენტებს ვეყრდნობი, ჩემი ვერსია საარქივო მასალებს ეყრდნობა", - აცხადებს ხომერიკი.

ამასთან, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიასთვის კი, იმის თქმა, რომ აღმოჩენილია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი, ამ დროისთვის ხმამაღალია. მისი თქმით, იმ საფლავზე, რომელიც შეიძლება ფიროსმანის იყოს, აუცილებელია კვლევა გაგრძელდეს.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპოვნია ნიკო ფიროსმანის სავარაუდო საფლავი. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კუკიის სასაფლაოზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია საფლავის ქვა, წარწერით – "შეიწყალე, უფალო, ნიკალა!".