ბათუმში სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

ბათუმში სოფიკო ჭიაურელის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

ბათუმის იუსტიციის სახლში, დღეს ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება .

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები ფილმებიდან: ”ჩვენი ეზო”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, ”რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, ”ხევსურული ბალადა”, ”ფერისცვალება”, ”წუთისოფელი”, ”დათა თუთაშხია”, ”აურზაური სალხინეთში”, ”ენგურის ნაპირებზე”, ”ნატვრის ხე”, ’ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება”, ”გენერალი და ზიზილები”. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: ”ბერიკონი”, ”ტალანტები და თაყვანისმცემლები”, ”მილიარდერის ვიზიტი”, ”ეზოში ავი ძაღლია”, ”ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი”.

სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.

სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში შექმნილი აქვს კომიკური და ტრაგიკული როლები, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არტისტიზმით, ხასიათითა და სტილით, არაჩვეულებრივი პლასტიკით, განსაკუთრებული შტრიხებითა და დეტალებით.

ეროვნულ არქივში დაცულია ფოტოები, რომელიც მხატვრული ფილმების გადასაღებ მოედანს ასახავს. მათ შორის არის კინოსურათები სოფიკო ჭიაურელის მონაწილეობით. არქივი ინახავს, ასევე, მსახიობის პორტრეტებს, თეატრალურ როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოებს.