შვეიცარიის კულტურის დღეები ხვალ გაიხსნება

შვეიცარიის კულტურის დღეები ხვალ გაიხსნება

"შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი გაიხსნება.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შვეიცარიის კულტურის დღეებს ხვალ, 19.00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, შვეიცარიელი პიანისტი კარლ–ანდრეას კოლი ლისტის, ფელდერისა და შუბერტის ნაწარმოებების შესრულებით გახსნის.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია, გააძლიეროს ორი მეგობარი ქვეყნის ხალხებს შორის კულტურული კონტაქტები, ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი დიალოგი და თანამშრომლობა; ხელი შეუწყოს მუსიკალურ-საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაცვლის, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროცესს; პროექტის ფარგლებში გააცნოს შვეიცარიელ სტუმრებს ქართული მუსიკალური კულტურის მონაპოვარი და თანამედროვე მიღწევები.

~შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011"-ის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონცერტების სერია, მასტერკლასები, Work Shop-ები რომელიც მოიცავს თბილისს, რუსთავსა და გორს. ამდენად, პროექტს ექნება როგორც საკონცერტო, ასევე საგანმანათლებლო ფუნქცია.

პროექტის დასასრულს _ ერთკვირიანი მასტერკლასების შედეგები 11 მარტს ~ხელოვნების აკადემიაში~ შეჯამდება. ~შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011"-ის დახურვის ცერემონია 12 მარტს, `ხელოვნების აკადემიაში~ გაიმართება.