მოსკოვში "დიდების მემორიალის" ანალოგის გახსნა დღეს იგეგმება

მოსკოვში "დიდების მემორიალის" ანალოგის გახსნა დღეს იგეგმება

ქუთაისში აფეთქებული "დიდების მემორიალის" ანალოგის გახსნა მოსკოვში დღეისთვის იგეგმება, - ამის შესახებ გამოცემა "კავკაზსკი უზელი" იუწყება .

პროექტის თანაავტორის, სკულპტორ სალავატ შერბაკოვის განცხადებით, ქუთაისში მემორიალის აფეთქების თარიღი კვირა დღეს დაემთხვა, რის გამოც მოსკოვში ღონისძიება 20 დეკემბრისთვის გადაიტანეს.

სკულპტურული კომპოზიციის - "ფაშიზმთან ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით" მონტაჟი მოსკოვში, "პაკლონნაია გარაზე" 10 დეკემბერს დაიწყო და სკულპტორის განცხადებით, გართულდა.

"სკულპტურული კომპოზიციის მთლიანობაში დადგმა ვერ მოხერხდა, ის ძალიან დიდი ზომისაა – სიმაღლე რვა მეტრს, წონა კი თითქმის 23 ტონას შეადგენს. სირთულეები ძირითადად ძეგლის პედესტალის დადგმას უკავშირდებოდა", - აღნიშნა შერბაკოვმა.

მემორიალის გახსნას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრებიან. ისინი რამდენიმედღიანი ვიზიტით მოსკოვში უკვე გაემგზავრნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში, "პაკლონნაია გარაზე" "დიდების მემორიალის" ანალოგის აღმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2009 წლის 19 დეკემბერს, ქუთაისში მემორიალის დემონტაჟი განხორციელდა.