პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ქვეყანას "თვისობრივად ახალი საარჩევნო კოდექსი" ექნება
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული კონსულტაციების შედეგი, სავარაუდოდ, "თვისობრივად ახალი საარჩევნო კოდექსი" იქნება.
ამის შესახებ პოლიტიკოსებმა განცხადებები დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობისას მსჯელობის თემა ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა და წინადადება იქნება და ამ მხრივ აქცენტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროექტზე არ გაკეთდება.
"რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი კი ახალ საარჩევნო კოდექსზე საუბრის დაწყებას ხელისუფლების აღიარებად აფასებს. "ეს ნიშნავს, რომ არსებული კოდექსი არ ვარგა", – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ არსებული კოდექსი იმდენად არ ვარგა, რომ მასში მხოლოდ ცვლილების შეტანას აზრი არ აქვს.
რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას, ბერძენიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ პროცესი მაინც ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რადგან შეთანხმებების კანონად ქცევის პრეროგატივა, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს.

























