დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ კონსულტაციების საბოლოო შედეგი ისეთივე კონსტრუქციული იქნება, როგორიც დღევანდელი შეხვედრა იყო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პროცესის საბოლოო შედეგი ისეთივე კონსტრუქციული იქნება, როგორიც დღევანდელი შეხვედრა იყო.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, პოლიტიკურ ძალებს შორის დღეს შედეგიანი მოლაპარაკება გაიმართა, სადაც აზრთა სხვადასხვაობაც იყო, კამათიც, თუმცა კომპრომისის ძიებამ პარტიები კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად უკვე კონკრეტულ საქმიანობას დაიწყებს. პარლამენტის თავმჯდომარემ დასძინა, რომ მოლაპარაკების პროცესში კარი ღია იქნება კვალიფიციური სუბიექტებისა და პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის.
"პროცესი იქნება მთლიანად გამჭვირვალე და მასში ჩაერთვებიან საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ პროცესის შედეგად მივიღებთ თვისობრივად ახალ კოდექსს"", – დასძინა ბაქრაძემ.

























