რუსი დიპლომატები შეხვდებიან თუ არა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს, ქართული მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული

რუსი დიპლომატები შეხვდებიან თუ არა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს, ქართული მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული

ჯაშუშების საქმის გაგრძელების სავარაუდო სცენარებზე "ინტერპრესნიუსი" უშიშროების გენერალს, ანზორ მაისურაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ანზორ, ჯაშუშების დაკავების შემდეგ ქვეყნებს შორის რა პროცედურები ხორციელდება?

- ყველა სახელმწიფო, რომელიც ჯაშუშობისთვის მოქალაქეებს დააკავებს და მისი მოქალაქეები არიან, გაასამართლებს ისე, როგორც ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუ დაკავებულები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ასეთ შემთხვევაში ორ სახელმწიფოს შორის ფარული მოლაპარაკება მიმდინრეობს. თუ ეს პრაქტიკულად და პოლიტიკურად გამართლებულია, ხდება დაკავებულთა ერთმანეთში გაცვლა. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათაც ჰყავთ დაკავებული. გააჩნია, სახელმწიფოს როგორ აწყობს, პოლიტიკურად რამდენად მომგებიანია გაცვლა. სხვა შემთხვევაში, დაკავებულთა გასამართლება ხდება იმ ქვეყნის კანონებით, რომელშიც ისინი დააკავეს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ მათ დიპლომატიური იმუნიტეტი არ იცავთ. რამდენადაც ვიცი, დაკავებულებს დიპლომატიური იმუნიტეტი არც ერთს არა აქვს.

_ ჰყავთ თუ არა რუსებს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ვინმე ქართველი და მეორე, რუსეთის ოთხი მოქალაქიდან სამი საქართველოს მოქალაქეც არის და ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება-ხოლმე?

_ რამდენადაც ვიცი, ერთი წლის წინ, რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით ჩრდილოეთ კავკასიაში ვიღაც ქართველი დააკავეს, მაგრამ გვარი არ მახსოვს და არც ის ვიცი, მართლა ჯაშუშობდა თუ არა საქართველოს სასარგებლოდ. თუ რუსები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს თავის მოქალაქეებად ჩათვლიან, მაშინ რუსეთის მხრიდან თავისი მოქალაქეების დაცვის საერთო წესი მათზეც გავრცელდება; თუ არ ჩათვალეს თავის მოქალაქეებად, მაშინ სხვა საქმეა.

_ რუსეთმა ქართული მხარისგან, შვეიცარიის საელჩოს გავლით, ჯაშუშობაში ბრალდებული რუსეთის ოთხი მოქალაქის ვინაობისა და პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია უკვე მოითხოვა. ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთი დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეს. მოსკოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის წაყენებული ბრალდების დამადასტურებელი მასალები რომ მოეთხოვა, უფრო გასაგები და ლოგიკური არ იქნებოდა?

_ ეტყობა, რუსებს ჯერ უნდათ გაერკვნენ, დაკავებულები არიან თუ არა მათი მოქალაქეები.

_ ასე ძნელია მათი ვინაობისა და მოქალაქეობის დადგენა?

_ ძნელია, რადგან რუსეთი დიდი ხანია, თავის პასპორტებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით არიგებდა არა მარტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; შესაძლოა, ახლაც არიგებს. კაცმა არ იცის, რამდენი პასპორტი აქვთ დარიგებული. საბჭოთა პერიოდში მოქალაქეობის მიღება საკმაოდ რთული პროცესი იყო და ამგვარ გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი კონკრეტულ მოქალაქეზე პერსონალურად იღებდა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, მოსკოვი ახლა დაკავებულებზე სრულ მონაცემებს რომ ითხოვს.

_ დევრიშაძე, გევორქიანი და შიკოიანი, რუსეთის მოქალაქეობის გარდა, საქართველოს მოქალაქეებიც არიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსულ მხრე ყველაზე მეტად იური სკრილნიკოვით უნდა იყოს დაინტერესებული. სავარაუდოდ, სწორედ სკრილნიკოვი იყო ჯაშუშების რუსულ დაზვერვასთან დამაკავშირებელი რგოლი . .

_ დაკავებულებზე სრულ ინფორმაციას არ ვფლობ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს რუსული პასპორტები კი აქვთ, მაგრამ არიან თუ არა ისინი რუსეთის მოქალაქეები, ცოტა საეჭვოც შეიძლება იყოს. რუსებმა მათზე რაც არ უნდა თქვან, ფაქტია, რომ პასპორტი რუსული მხარის მიერ არის გაცემული. რუსეთში პასპორტებთან დაკავშირებით განუკითხაობა სწორედ იმას უკავშირდება, რომ თავის დროზე რუსული პასპორტები მზესუმზირასავით თავად რუსებმა არიგეს.

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაკავებულებთან დიპლომატების დაშვება მოითხოვა. რამდენად მართებულია რუსეთის მხრიდან ასეთი მოთხოვნა? ასეთ შემთხვევებში რას შეიძლება ნიშნავდეს და რა მიზანს შეიძლება ისახავდეს რუსული მოთხოვნა?

_ როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში ასე კეთდება. თავად დაკავებულები ითხოვენ შეხვედრას საკონსულოს წარმომადგენლებთან. დაკავებულებთან საკონსულოს თანამშრომლის შეხვედრა მიღებული პროცედურაა. შეხვედრა იმიტომ არის საჭირო, რომ გაერკვნენ დაკავებულთა ვინაობაში და შემდგომ პროცედურებთან დაკავშირებით. რუსი დიპლომატები შეხვდებიან თუ არა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს, ეს ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

_ ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯაშუშებთან დიპლომატების შეხვედრის შემდეგ გაკეთდეს განცხადებები, რომ დაკავებულები სულაც არ არინ ჯაშუშები, მათ აღიარებითი ჩვენებები ზეწოლის შედეგად მისცეს ქართველ სამართალდამცავებს და ასე შემდეგ. . .

_ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და თუ მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პროვოკაცია იქნება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში დაკავებულები საკონსულოს თანამრომლებთან მაქსიმალურად გახსნილები არიან, ვინაიდან ისინი მათთან დასახმარებლად და საშველად მიდიან.

_ თქვენი ვარაუდით, მივა თუ არა საქმე ჯაშუშთა გადაცემამდე და თუ მივა, რა აუცილებელი პროცედურები უნდა დაიცვას ქართულმა მხარემ?

_ თუ ქართულ მხარეს პოლიტიკურად აწყობს რუსული მხარისთვის ჯაშუშების გადაცემა ან გაცვლა, ისე მოხდება, როგორც ეს 2006 წელს იყო. თუ არ აწყობთ, მაშინ დაკავებულები საქართველოში ჩვენი კანონმდებლობით გასამართლდებიან. ყველაფერი დამოკიდებულია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რაზე წავა რუსული მხარე ან - ჩვენი სახელმწიფო. ორივე მხარე ისე მოიქცევა, როგორც თავად აწყობს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჯაშუშობა იქნება და არა მარტო რუსეთის მხრიდან. აშშ და ისრაელი ახლო პარტნიორები არიან, მაგრამ ამერიკელებს აშშ-ში ისრაელის ჯაშუშები არა ერთხელ დაუკავებიათ. მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არის საკითხები, რომელთა გაგებასაც ისარაელი აშშ-ისაგან დამოუკიდებლად ცდილობს.

_ შეიძლება თუ არა რუსული მხარის განცხადებები ჩაითვალოს იმად, რომ მოსკოვმა ჯაშუშებთან დაკავშირებით თბილისთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაიწყო?

_ ძნელი სათქმელია. უდავოა, რომ მათ დაკავებულებზე მონაცემები ბევრი რამის გასარკვევად სჭირდებათ. შესაძლოა, მათ არა აქვთ დაკავებულებზე სრული ინფორმაცია, რომელიც უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა, ამას სპეციალურად აკეთებდნენ კიდეც, რომ მერე თქვან _ ჩვენ არ ვიცით დაკავებულები ვინ არიან და ამით შეეცადონ შექმნილი ვითარებიდან "გამოძრომას". ჯაშუშობაზე ინფორმცია ყოველთვის სკანდალურია და საერთაშორისო არენაზე ჯაშუშობაში მხილებულ ქვეყანას ბევრ უხერულობას უქმნის. რუსული მხარე შეეცდება მტკიცებას, რომ დაკავებულები ჯაშუშები არ არიან, რომ ქართული სპეცსამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არ დგანან და ასე შემდეგ.

ჯაშუშებზე მასალას ტელევიზიით ვუყურე და დაკავებულთა ჯაშუშობაში ეჭვი არ შემიტანია. 2006 წელს, როცა საქართველომ რუსი ჯაშუშები პირველად დააკავა და მერე რუსულ მხარეს გადასცა და ახლაც, ქართულმა სპეცსამსახურმა საკმაოდ მაღალპროფესიონალურად იმუშვა. ამ შემთხვევებმა რუსები დაარწმუნა, რომ ქართული სპეცსამსახური ანგარიშგასაწევი სტრუქტურაა და მის მიმართ გადაჭარბებულად ქედმაღლური დამოკიდებულება საფუძველმოკლებულია.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"