თეა თუთბერიძე - სკოლების დირექტორებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება განათლების სამინისტროში დააწერინეს

თეა თუთბერიძე - სკოლების დირექტორებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება განათლების სამინისტროში დააწერინეს

თბილისის 8 საჯარო სკოლის შესახებ, რომელთა დირექტორებმაც თანამდებობები დატოვეს, კონკრეტული ოფიციალური ინფორამაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

განათლების სამინისტრო სკოლებს არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ დირექტორებმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

"სკოლების დირექტორთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, თეა თუთბერიძის ინფორმაციით კი, სკოლების დირექტორებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სამეურვეო საბჭოების სახელზე წუხელ განათლების სამინისტროში დააწერინეს. მათ შორის არიან - 173-ე სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი; 161-ე სკოლის დირექტორი მიხეილ მინდაძე; 151-ე სკოლის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი და 117-ე სკოლის დირექტორი, აგრეთვე 63-ე და მე-2 სკოლების დირექტორები. დანარჩენი სკოლები დგინდება.

ამასთან, როგორც ”ინტერპრესნიუსს” თეა თუთბერიძემ განუცხადა, 149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე ერთადერთი იყო, რომელმაც გუშინ განცხადება არ დაწერა. ამის გამო განათლების სამინისტროში დღესაც დაიბარეს. სკოლაში კი, გაავრცელეს ხმები, რომ მაია გიორგაძე დირექტორი აღარ არის.

მაია გიორგაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ შესაძლო გათავისუფლების შესახებ საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო. მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. გიორგაძე განმარტავს, რომ მისი მოსწავლეები 9 ნოემბრის აქციებში საერთოდ არ მონაწილეობდნენ, თუმცა მისივე თქმით, მოსწავლეთა საქციელის გამო დირექტორებმა პასუხი არ უნდა აგონ.

161-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ მინდაძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ სატელეფონო საუბარში თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"მიკვირს კიდევაც, რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით. არაერთი თანამდებობა დამიტოვებია და არაერთ ადგილას მიმუშავია", _ განაცხადა მიხეილ მინდაძემ.

ინფორმაცია თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გუშინ გავრცელდა. ამ სკოლების მოსწავლეებმა საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია სკოლებში საატესტაციო გამოცდების მოხსნას ეხებოდა.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია.

"ეს დირექტორების პირადი გადაწყვეტილება იყო და სამინისტრო ამ პროცესებში არ ჩარეულა", - განცხადება დიმიტრი შაშკინმა 23-ე საჯარო სკოლაში დღევანდელი სტუმრობისას.

მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ განცხადებით დირექტორებმა თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიიღეს.