აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა დღეს, უნგრეთში აკადემიური გუნდების საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მედია ცენტრიდან აცნობეს.
ანსამბლი უნგრეთში კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიწვია. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი გააცილებს.
საგუნდო მუსიკის საერთაშორისო მშვიდობის კონკურსი, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, უნგრეთის ქალაქ დებრეცენში 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგაზრდულ კაპელასთან ერთად, კომპოზიტორ ბელა ბარტოკის სახელობის საერთაშორისო კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობს. კონკურსში 21-ე საუკუნეში შექმნილი ქართული გუნდური ნაწარმოებები შესრულდება.
ანსამბლი საქართველოში 2 აგვისტოს დაბრუნდება. მათ გამგზავრებას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და აფხაზეთის მთავრობა უზრუნველყოფს.

























