კაიროში საწვავმზიდის ავარიის შედეგად გაჩენილ ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა

კაიროში საწვავმზიდის ავარიის შედეგად გაჩენილ ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა

კაიროს ერთ-ერთ გადატვირთულ მაგისტრალზე საწვავმზიდის ავარიის შედეგად გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს 31 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის შემდეგ, ადამიანები, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს ან კვამლით მოიწამლნენ, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ოფიციალურ პირებს ხანძრის გაჩენის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა სახელმწიფო მედიის ცნობით, საწვავმზიდი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ახლომდებარე სატრანსპორტო საშუალებებს ბენზინი გადაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო კონტრაქტორის კუთვნილი საწვავმზიდი ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მაღალი ძაბვის სადენი ჩამოვარდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

რეგიონულმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.