დიმიტრი პესკოვი - დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებას ხელი შეუშალა და კვლავ ინარჩუნებს თავის არცთუ ისე მშვიდობიან განწყობას

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2022 წელს უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებას ხელი შეუშალა და კვლავ ინარჩუნებს თავის არცთუ ისე მშვიდობიან განწყობას,- ასე გამოეხმაურა კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის მოწოდებას ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ უკრაინაში მათი სამხედრო ძალა იქნას წარმოდგენილი.
„ეს ის ადამიანია, რომელმაც 2022 წელს უკრაინაში ომის გაჩერებას ხელი შეუშალა და რომელიც ინარჩუნებს ამ თავის არცთუ ისე მშვიდობიან განწყობას, რბილად რომ ვთქვათ“, - განაცხადა პესკოვმა.
კერძოდ, საქმე ეხება ბორის ჯონსონის განცხადებას, რომელიც მან Sky New-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში უნდა იყოს ევროპის სამხედრო ძალების სიმბოლური წარმომადგენლობა, რომელიც ფრონტის ხაზის მოშორებით განთავსდება.
„საუბარია ჟესტზე, რომელიც ჩვენი მხარდაჭერის სიმბოლოა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ეს ომი, არსებითად, იმას ეხება, შეძლებს თუ არა პუტინი უკრაინის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას. უკრაინაში დასავლეთის „მსურველთა კოალიციის“ თუნდაც სიმბოლური წარმომადგენლობის არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, ლოგისტიკურ საკითხებს და ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით განთავსდებიან, ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ვეუბნებით ვლადიმერ პუტინს: „ნახე, ვლადიმერ, თავად უკრაინელების გადასაწყვეტია, თუ რომელ ქვეყნებს მოიწვევენ ისინი უკრაინაში თავიანთი ჯარების გასაგზავნად“.- აღნიშნა ბორის ჯონსონმა ინტერვიუში.

























