ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე - ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინამორბედებს, საერთო არ აქვს არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან - ეს არის კოჭის გაგორება

ამ რეზოლუციას, ისევე როგორც სხვა წინამორბედებს, არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან, არც სამართლიან ფაქტებთან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც რეზოლუციის პროექტზე ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი რეზოლუცია, რომელიც იმისთვის არის, რომ კოჭი გაუგოროს იმ ადამიანებს, ვინც დღეს კიდევ რადიკალიზმზე, ან სხვა ძალადობრივ ქმედებებზე ფიქრობს.
„რა თქმა უნდა, ეს არის კოჭის გაგორება, ეს არის მათთვის ერთგვარი მხარდაჭერის დაფიქსირება, რომ „ჩვენ არსად წავსულვართ". მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამას არანაირი არც ფასი, არც შედეგი არ აქვს. იმ დროს, როდესაც ამ რეზოლუციის პროექტზე განცხადებებს აკეთებენ მისი ავტორები, პარალელურად, ქვეყნის შიგნით, ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ, პირდაპირ ჰყვებიან, ინანიებენ და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. როდესაც ამის პარალელურად ამ ავტორების მხრიდან განცხადებები გვესმის, კიდევ უფრო მეტად სავალალო მდგომარეობაში იყენებენ თვითონ თავს," - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი. ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული. კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.

























