ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაში მონაწილეობდა სააგენტოს თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი ინდირა რობაქიძე და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორები თამარ ზაქუტაშვილი და თამარ კაპანაძე, ასევე მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ანა გამეზარდაშვილი.
„პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხები და ძალადობაგამოვლილი პირების დაცვისა და მხარდაჭერის მექანიზმები გააცნეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული ყურადღება ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს და სისხლის სამართლის პროცესში მათი მონაწილეობის პრაქტიკული საკითხების განხილვას დაეთმო.
ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია, დაესვათ შეკითხვები და პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მოესმინათ.
16-დღიანი გლობალური კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენცია და ძალადობის აღმოფხვრის პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურის განმარტებით, საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას. მიმდინარე წელსაც, კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცნობიერების ამაღლებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით ღონისძიებები გაიმართება.

























