რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ კი არა, ყულევის ქარხანა დაადგა სწორ გზას და შეწყვიტა რუსული ნავთობის მიღება - რაც შეეხება უცხოელებზე ქონების გაყიდვას, საქართველო გადაიქცა ცივი და ცხელი ქვეყნებიდან მოსახლეობის გადმოსახლების ტერიტორიად

„ქართული ოცნება“ კი არ დაადგა სწორ გზას, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაადგა სწორ გზას და შეწყვიტა რუსული ნავთობის მიღება. „ქართული ოცნება“ სწორ გზას არასდროს არ დაადგება , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო“.
„კარგია ის, რომ მან ლიბანიდან შემოიტანა [ნავთობი] და პირობა დადო ევროკავშირის წინაშე, რომ ჩაეხსნებოდა რუსულ სისხლიან ნავთობს - მსოფლიო ბაზარზე შეიძენდა წესიერი გზით და ნებადართულ საქონელს. ლიბანიდან შემოტანა, ეს ძალიან კარგია, ვინაიდან, ლიბანი აფრიკაში ნომერ პირველი ქვეყანა, ნიგერიაზე მეტი მარაგები აქვს. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, ხოლო დღეს, მოპოვებით აფრიკაში მეორე ადგილზეა. მცირე რაოდენობით ყაზახური ნავთობიც შემოიტანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო ამ ქარხანას. ეს ქარხანა ჯერ საწყის ეტაპზეა, მას ჯერ არ შეუძლია დიზელის წარმოება, მას არ შეუძლია ბენზინის წამოება, არც საავიაციო ნავთობის, ჯერჯერობით მხოლოდ დიზელის ნახევრადგადამუშავებულ მასალას აწარმოებს, თუმცა ესეც არ არის ცუდი. 2028 წლისთვის, აპირებს გაფართოებას და გამოუშვებს უკვე ბენზინს, დიზელს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ გადაცემაში ისაუბრა უკონტროლო მიგრაციასა და მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვაზეც.
რომან გოცირიძის შეფასებით: „საქართველო გადაიქცა ცივი და ცხელი ქვეყნებიდან მოსახლეობის გადმოსახლების ტერიტორიად“.
„საქართველოს ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, ვინაიდან ატყუებს საზოგადოებას და რეალურ სურათს მალავს. მოსახლეობის აღწერის მიხედვით, დაახლოებით 400 ათასზე მეტი უცხოეთის მოქალაქე უკვე იყო საქართველოში დამკვიდრებული, ტურისტები კი არ არიან ან ისინი, ვინც სასწავლოდ ჩამოდიან, პაკისტანელები და ირანელები. ადგილობრივ მოსახლეობად ითვლება ის მოსახლეობა, რომელიც აქ ცხოვრობს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და მერე ბევრი ბინადრობის უფლებასაც იღებს და ბევრი მოქალაქეობაზეც „იქაჩება“. ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დადგა და განსაკუთრებით არაბული ინვესტიციები, თბილისის ჭალებში. დღესაც მიდის საპროტესტო აქციები. ასვე გონიოში, „იგლ ჰილსი“ რომ ჰქვია, ამ კომპანიის შემოსვლის შემდეგ, უცბად სტატისტიკა გააყალბეს, ლამის გაანახევრეს. იტყუებიან, რასაც უნდათ, იმას გადახაზავენ, გადმოხაზავენ. როგორც ეკონომიკურ ზრდას და ბევრ მაჩვენებელს აყალბებენ. სტატისტიკის სამსახური დამნაშავეა. ამდენი კორპუსები რომ შენდება, ამ კორპუსებში ვინ იცხოვრებს? ბათუმში მშვენიერი შენობებია, მაგრამ ისინი არიან ტურისტული კონცეფციით აშენებული. იყიდა ვიღაცამ, ჩადო ინვესტიცია, კომერციული მიზნებისთვის, მოვიდა რუსი იქნება თუ არაბი და შემდეგ გააქირავა, სანამ სეზონია, იღებს შემოსავალს. არის მეორე მიდგომა, რომელიც არის სწორედ ეს, ამ მეორე მიდგომით საქართველო გადაიქცა ცივი და ცხელი ქვეყნებიდან მოსახლეობის გადმოსახლების ტერიტორიად. რაოდენობრივად რუსიზაცია ხდება. მთავარი საფრთხე არიან რუსები. არაბებმა ბელგრადში ააშენეს [შენობები] და ვინ ცხოვრობს იქ? 80% მანდ ცხოვრობენ უცხოელები და უდიდესი ნაწილი რუსები. არაბეთში სიცხეები 40-45 გრადუსია, კონდიციონერის გარეშე მანქანაში ვერ ჩაჯდები და ქუჩაში ვერ გამოდიხარ, ხოლო რუსეთი მუდამ ზამთრიანი ქვეყანაა. უკვე შემოდიან და სახლებს ყიდულობენ აქ დასასახლებლად, გადმოჰყავთ უკვე ცოლები, შვილები, ბებიები, ბაბუები, 22 000 ბინა იყიდეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში მარტო უკრაინის ომიდან დღემდე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

























